არჩევნებამდე 2 დღით ადრე, “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიორგი (გიგი) ხოჯევანიშვილმა ახალი კლიპი გამოაქვეყნა. მასში გორის ქალთა გუნდის წევრები, ასევე, მომღერლები: ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი და დავით ნადიბაიძე მონაწილეობენ. დავით ნადიბაიძე გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორის მოადგილეა.
კლიპში გადაღებულები არიან როგორც გორის სპორტსკოლის წევრები, აგრეთვე, ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
“ე.ი. იმ 9 წელში რაც გაკეთდა, იმას აჩვენებენ. ამას დამატებული მომღერლები, რომლებიც უდაოდ მაგრად მღერიან, მახსოვს იმ 9 წელში, სად და ვის უმღეროდნენ,” – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, თეონა ფანქველაშვილი.
კლიპის დიდი ნაწილი ციხის უბანშია გადაღებულია, რომელიც 2012 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინიტიატივით გარემონტდა და განახლდა. ხოლო 4-წუთიანი კლიპის, რომლის სახელწოდებაა “ჩემი გორი”, თითქმის 2 წუთი გადაღებულია უფლისციხეში.
გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი, გელა კაპანაძე ამბობს, რომ კლიპის მომზადებაში მერიას მონაწილეობა არ მიუღია:
“კლიპში შესაძლოა თქვენი თანამშრომლები მონაწილეობენ, მაგრამ ფინანსური კუთხით ჩვენ რაიმე თანხა არ გაგვიღია. როგორც დავით ნადიბაიძემ მითხრა, სიმღერის განახლების იდეა მას ეკუთვნის,” – ამბობს გელა კაპანაძე.