თბილისში, ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 9-ჯგუფიანი იქნება და 250 აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღში დასაქმდება 60-მდე ადამიანი.
მათივე ცნობით, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების შესაბამისად.
„თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობას განვაგრძობთ, რომლის მიზანიც სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვაზისუბნის დასახლების ამ ნაწილში განაშენიანება აქტიურად მიმდინარეობს და ბაღებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროექტის დასრულების შემდეგ, 250-ზე მეტი აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღებს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
პროექტის ღირებულება 2 062 787 ლარია და მას შპს „ორნამენტი“ ახორციელებს. მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.