„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის შეფასებით, ვადა, რომელიც ინფიცირებულებს ან თვითიზოლაციაში მყოფებს არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის ჰქონდათ, არაგონივრულია

395

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის შეფასებით, ვადა, რომელიც ინფიცირებულებს ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის გაკეთებისთვის ჰქონდათ, არაგონივრულია.

როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია, რატომ იყო ვადები განსხვავებული მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი გადასატანი ყუთის მოთხოვნის უფლება მოქალაქეებს 28 ოქტომბრამდე ჰქონდათ.

„სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ორი კვირით ადრე მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის პროცედურები, როგორ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა ინფიცირებულ და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს. რაც პრობლემატური იყო ორი მიმართულებით. ერთი ის, რომ ვადა ამ ადამიანებისთვის იყო ძალიან შეზღუდული. ცალსხად აშკარა იყო, რომ ეს ვადა იყო არაგონივრული – ორდღიანი ვადა განისაზღვრა და ის, რომ ამ ვადის გადაწევა ორჯერ მოხდა, მიუთითებს, რომ თავიდანვე არასწორად იყო ეს პროცესი დაგეგმილი და შესაძლებელი იყო, რომ თავიდანვე მეტი ვადა განსაზღვრულიყო. მითუმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ჩვეულებრივი გადასატანი ყუთის მოთხოვნის უფლება მოქალაქეებს ჰქონდათ 28 ოქტომბრის ჩათვლით, ამ შემთხვევაში რატომ იყო განსხვავებული ვადები, ესეც სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს. ასევე პრობლემა იყო მოსახლეობის ინფორმირება, როგორ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

რაც შეეხება მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს, როგორც ელენე ნიჟარაძე აღნიშნავს, რეგიონებიდან იღებდნენ ინფორმაციას, რომ მოქალაქეებს საკუთარი თავის იდენტიფიცირების და საარჩევნო შეხვედრებზე დაფიქსირების ეშინოდათ.

„განსაკუთრებით გამოვყოფ ზეწოლა-მუქარის შემთხვევებს, რომელიც ძირითადაც მიმართული იყო ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ და ძალიან ბევრი ინფორმაციას ვიღებდით რეგიონებიდან, რომ მოქალაქეებს ეშინიათ იდენტიფიცირების და შეხვედრებზე დაფიქსირება, ვინაიდან, მათ სხვადასხვა სახის შეტყობინებებს უგზავნიდნენ, რომ შეექმნებოდათ პრობლემები სამუშაო ადგილზე, შეიძლება დაეკარგათ სოციალური შემწეობები, და ა.შ. რაც უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო კამპანიაზე და ხელს უშლიდა პოლიტიკურ პარტიებს ეწარმოებინათ სრულყოფილი შეხვედრები“,- განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულ და იზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა დღეს, 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეეძლოთ.