ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიას ცნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რეგისტრაციის ვადა 6 საათამდე გადააწევინეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
“6 საათმდე გადავაწევინეთ დრო, ვწუხვარ რომ მეტი ვერა, მაგრამ რამდენიმე საათი კიდეა. გააგრძელეთ რეკვა ცხელ ხაზზე”, – წერს ხოშტარია.
ხოშტარიას ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ასევე მიიღეს პირობა, რომ ყველა ადამიანს, ვისი ზარიც შევა და არ უპასუხებენ, გადაურეკავენ. ხოშტარიას თქმით, მიცემულ პირობას ის აკონტროლებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ ცესკოში რეგისტრაციის მიზნით რეკავდნენ, არ უპასუხეს და არც შემდეგ დაუკავშირდნენ, მას შეატყობინონ.
“გარდა იმისა, რომ რამდენიმე საათი მოვიგეთ და 6 საათამდე შეგიძლიათ გააგრძელოთ რეკვა, მივიღეთ პირობა, რომ ყველა ადამიანს ვისი ზარიც შევიდა და არ უპასუხეს გადაურეკავენ. გავაკონტროლებ ამ პირობის შესრულებას. მომაწოდეთ ინფორმაცია თუ არ დაგირეკავენ”, – წერს ხოშტარია.
რეგისტრაციის ვადის გადაწევის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელენე ხოშტარია და ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი მივიდნენ.
მანამდე, ინფიცირებულ და იზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა დღეს, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე შეეძლოთ.
გუშინ, 26 ოქტომბერს, ცესკოში ამბობდნენ, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 4 000-ზე მეტმა ამომრჩეველი დაუკავშირდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, სპეციალურად შექმნილი ჯგუფების საშუალებით, არჩევნებში მონაწილეობას სპეციალური პროტოკოლით შეძლებენ.
კერძოდ, COVID-19-ით ინფიცირების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა წესის დაცვით სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთს მიიტანენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითიზოლაციასა და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს ამ ფორმით ხმის მისაცემად რეგისტრაციისთვის, პირველ ეტაპზე, 24-დან 26 ოქტომბრამდე მისცა დრო.
ცხელი ხაზის ნომერი: 2-51-00-51 (0)