პარტია “ლელო საქართველოსთვის” 2020 საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრა რესპუბლიკის მოედანზე გუშინ, 28 ოქტომბერს გაიმართა და მას პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, პარტია შეძლებს ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების დაძლევას, ეკონომიკური სტაბილურობის შექმნასა და ქვეყნიდან წასული ემიგრანტების დაბრუნებას.
“ლელო” მოდის საქართველოს საშველად, ყველა მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად. ყველას მოუწევს მოსმენა, ვინაიდან, ჩვენ ყველაზე ადეკვატურად შევაფასეთ პოლიტიკური ვითარება, დავდეთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და შევქმენით ამ გეგმის განმახორციელებელი კომპეტენტური გუნდი. დღეს ჩვენი ქვეყნა მრავალი ტიპის და სახის მორევშია ჩაძირული და ვერ ვახერხებთ ამ მორევისგან დაძლევას. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ეროვნული სახელმწიფოებრიობა მოვიპოვეთ, მაგრამ მას ვერ ვუმკლავდებით. სახელმწიფო მიტაცებული აქვთ სხვადასხვა ტიპის და ჯურის ლიდერებს. ისინი სახელმწიფოს იყენებენ არა სამართლიანობისთვის, არა წესრიგისთვის, არა თანასწორობისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის. “ლელო” ამას დაასრულებს”, – თქვა უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, “ლელოს” მთავარი პრიორიტეტი ერთიანობაა. პარტია არ ცნობს პარტიულობას და მისთვის თითოეული მოქალაქე თანაბრად ღირებულია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.