კობა მაზანაშვილი, რომელიც “პატრიოტთა ალიანსიდან” გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატია, ამბობს, რომ სოფელ ზერტში გაკეთებულ ჭაბურღილზე მოტორს არ ამონტაჟებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
მისი განმარტებით, ამის მიზეზი არჩევნებია, ხოლო ხელისუფლება სწორედ არჩევნების შედეგებს ელოდება:
“ჭაბურღილი კი გააკეთეს, მაგრამ ნასოსს არ ყიდულობენ. ჯერ ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე და მერე დავაყენებთო,” – აცხადებს მაზანაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო და, როგორც სამშენებლო კომპანიის დირექტორმა გვითხრა, ჭაბურღილი უკვე მზადაა:
“არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ ჩვენ გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ვმუშაობთ. ჭაბურღილი დავაყენეთ უკვე. პრობლემა შეიქმნა მხოლოდ საქლორატორო სისტემის მოწყობის დროს. იმ ტერიტორიაზე ვერ დაეტია, სადაც პროექტის მიხედვით გვქონდა მითითებული. ჩვენ მივმართეთ დამკვეთს, რომ ცვლილებები განხორციელებულიყო. ცვლილებები უკვე განხორციელდა პროექტში და საქლორატორო სისტემას დავამონტაჟებთ სხვა ადგილას. გვერდითვე,” – აცხადებს გელა არეშიძე.
ჩვენს კითხვაზე, კიდევ რა სამუშაოებია განსახორციელებელი, გელა არეშიძემ გვიპასუხა, რომ ამჟამად მილებს ელოდებიან:
“ჭაბურღილის შემდეგ უნდა დავიწყოთ შიდა ქსელის მოწყობა. მილები უკვე შეკვეთილი გვაქვს, უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და გავმართავთ ქსელს. ეს ხელს არ შეუშლის საქლორატორო სისტემის მოწყობას. მათი გაკეთება ერთმანეთის პარალელურად შეიძლება” – განმარტავს არეშიძე, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი.
გორის მერიაში განმარტავენ, რომ ახალი ჭაბურღილი იმ უბანში კეთდება, სადაც წყალი წლების განმავლობაში არ იყო:
“უბანში მცხოვრები 120 – მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო,” – აცხადებენ მერიაში.