მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყო

790

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

„ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ. გარდა ჩირუხისა მცირე მოსასვენებელი ზონები მოეწყო სოფელ შუამთასა და კაპნისთავშიც“, – აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.