კელი დეგნანი: ვისურვებდი, დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა

419

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მას სურს, საქართველოში დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში.

როგორც ელჩმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას განაცხადა, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.

„მსურს ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება.

ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებსა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“,-განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, აშშ-მა მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს.

კელი დეგნანის განმარტებით, აშშ ეხმარება საკანონმდებლო ორგანოს, რომ განავითაროს საარჩევნო კანონმდებლობა, ასევე ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი პლატფორმებისა და პროგრამების ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე ფოკუსირებაში.

„მოვუწოდებდი ხალხს, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ ამ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. უკვე ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა, მიუხედავად კოვიდ პანდემიისა. საბოლოო ჯამში, ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალზე. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა დაფიქსირდება საარჩევნო ყუთთან“,-განაცხადა კელი დეგნანმა.

დიპლომატის თქმით, აშშ-ს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი ან პარტია.

„ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ვინ უნდა, რომ მართოს მათი ქვეყანა. აშშ-ს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი, ფავორიტი პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ლეგიტიმურად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“,-განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც ის აღნიშნავს, აშშ-ის არჩევნები საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს.

„არსებობს ფართო ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობის, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებებს ეფუძნება და ეს არ შეიცვლება“,-განაცხადა კელი დეგნანმა.