თუ ვინმეს განზრახული აქვს, ამომრჩეველს დაურიგოს სურსათი, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ამაზე ფაქტებს თუ მოგვიტანთ, უმკაცრესი რეაგირება გვექნება, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და დააზიანებს „ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც ოზურგეთში სურსათის დარიგების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ხათუნა გოგორიშვილის ბრალდებას უპასუხა.
„თუ სადმე კონკრეტული ფაქტი იქნება, თავისი სახელებით და გვარებით, ვინ გააკეთა და რისთვის, ამაზე მკაცრი რეაგირება გვექნება, რადგან „ქართულ ოცნებას” ძალიან მყარი შედეგი გვაქვს და მით უმეტეს, ასეთ პირობებში ვინმეს იმის საშუალებას არ მივცემთ, რომ თუნდაც, მინიმალური ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო გარემოს. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს ისეთი განზრახვა აქვს, რომ ვინმეს, ამომრჩეველს დაურიგოს რაიმე სურსათი, ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა და ამაზე ფაქტებს თუ მოგვიტანთ, უმკაცრესი რეაგირება გვექნება, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და დააზიანებს “ქართულ ოცნებას”. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები. ხშირად გარკვეული ბრალდებები გვესმის, მაგრამ ამის უკან არავითარი ფაქტი არ დგას. მათ შორის არ ასახელებენ, ვინ როგორ და რატომ და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.