„თავისუფალმა საქართველომ“ ეროვნული მოძრაობის ვეტერანებთან ურთიერთთანამშრომლობის საგანგებო მემორანდუმი გააფორმა

422

დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა და ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა ერთობლივად შემუშავებულ საგანგებო მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერეს.

აღნიშნული პარტიის თანათავმჯდომარის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თენგიზ ომანიძის განცხადებით, ეს ერთ-ერთი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს ითვალისწინებს.

მათივე თქმით, 30 წლის წინ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომელიც ჯერაც არაა სათანადოდ შეფასებული და გამოძიებული და საქმეები ახლაც პროკურატურის თაროზეა შემოდებული. მისი თქმით, „თავისუფალი საქართველო“ მზადაა სამართლიანობის აღდგენისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს.

„იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს და იმ ძალას დაუჭერს მხარს, რომელიც ეროვნული ფასეულობებითა და სულისკვეთებით არის გამსჭვალული“, – განაცხადა ომანაძემ.

მისივე თქმით, სამიათეული წელია ქვეყანას ნეოლიბერალები მართავენ, რაც თავის დროზე, კანონიერი ხელისუფლების დამხობით მოხდა.

„მომავალი არ არსებობს წარსულისა და აწმყოს გარეშე, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, აუცილებელია მკვეთრად გაიმიჯნოს, ვინ რა როლს ასრულებდა მაშინ, როდესაც ქართულ სახელმწიფოებრიობაზე რუსების მხარდაჭერით ძალადობდნენ“,- აღნიშნა თენგიზ ომანიძემ.

„რაც შეეხება დღეს გაფორმებულ საგანგებო მემორანდუმს, იგი ხუთპუნქტიანია და მასში გათვალისწინებულია: პირველი, 1991- 92 წლებში სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივი შეფასება; მეორე, სამხედრო გადატრიალებისა და რეპრესიების შედეგად დაზარალებული ადამიანების სამართლებრივი და მორალური რეაბილიტაცია სპეციალური კანონის საფუძველზე; მესამე სამხედრო ფიცის ერთგული გვარდიის ვეტერანებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება, ასევე ვეტერანის სტატუსის ჩამორთმევა იმ პირებისთვის, რომლებიც სამხედრო გადატრიალებაში, პოლიტიკურ რეპრესიებსა და მოროდიორობაში მონაწილეობდნენ; მეოთხე, 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის ახალი რედაქციით საქართველოს უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით; მეხუთე ეროვნული გმირების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას აღდგენა, აგრეთვე რეპრესიების შედეგად დაღუპული პირების ხსოვნისადმი სათანადო სახელმწიფო პატივის მიგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.