ცესკოსთან “ლეიბორისტული პარტიის” აქციაზე 3 პირი დააკავეს

351

შემდეგი სტატია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციამ რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

გუშინ 27 ოქტომბერს ღამით, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრას. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება, რათა მათ ადგილზე მიუტანონ გადასატანი ყუთი.

თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს დასარეგისტრირებლად დრო 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდათ.

ცესკომ გუშინ, 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ 900-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა, მათი ნაწილი არ იყო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში და ამიტომ ცესკომ ისინი ვერ დაარეგისტრირა.

“ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ცესკოსთან დაკავშირებას ათასობით ადამიანი უშედეგოდ ცდილობს.

ამასთან, მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ იმის გარკვევას, არიან თუ არა გადასატანი ყუთის მიმღებთა სიაში.