თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ანგარიში წარადგინა

290

საანგარიშო პერიოდში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ ჩაატარა 19 (ცხრამეტი) სხდომა. ხსენებული სხდომების ფარგლებში განიხილეს 267 განკარგულებისა და 131 დადგენილების პროექტი. ამის შესახებ დედაქალაქის VI მოწვევის საკრებულოს წევრის და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანის მიერ 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშში წერია.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ჩართულობით, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, არაერთი ხელშემწყობი ღონისძიების სამართლებრივი რეგლამენტირება მოხდა:

• მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ღია კაფეს მოწყობის მიზნით, იჯარის ფორმით გაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეების გათავისუფლება საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან (153 მოქმედი ხელშეკრულება);
• მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ეკონომიკური საქმიანობის მიზნით, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მიმღებ პირთა ქირის გადახდისგან გათავისუფლება (შეღავათი შეეხო 500-მდე მოქმედ ხელშეკრულებას);
• ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლება (მოსაკრებლის დარიცხვა შეუწყდა 9 300-ზე მეტ აბონენტს);
• ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლებმა მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისგან ავანსის სახით მიიღეს 4 თვის ანაზღაურება.

მიმდინარე წელს განხილული საკითხებიდან, ასევე აღსანიშნავია მუნიციპალიტეტის მიერ წამოწყებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად ხორციელდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა, მათ მიმართ არსებულ სახელმწიფო საშინაო ვალის მოთხოვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

საანგარიშო პერიოდში ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ასობით წევრი/მათი უფლებამონაცვლე დაკმაყოფილდა.

აგრეთვე, მიმდინარე პერიოდში კომისიის სხდომაზე მხარდაჭერილი იქნა ქონებათა გადაცემის საკითხები, რომელთა ფარგლებში 550-მდე ოჯახს მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ დაუკანონდა მათ სარგებლობაში არსებული ფართები.

კომისიის მიერ მიღებულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებულ დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების პროექტი, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გამგეობისგან დაფინანსების მისაღებად ამხანაგობის მიერ საკუთარ ანგარიშზე განსათავსებელი აუცილებელი სადანახარჯო შენატანის ოდენობა 10%-დან შემცირდა 5%-მდე. ასევე, მოხდა შენატანების გადახდის ვალდებულებისგან მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მქონე ამხანაგობის წევრების გათავისუფლება.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენიშვნები და ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით გაიზარდა 1 400,6 ათასი ლარით და შეადგინა 1 021 400,00 ათასი ლარი.

ასევე, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ, თანმდევი ცვლილებები განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის ნორმატიულ აქტებში. მათ შორის, გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიღებულ იქნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“.

აქვე მოკლედ შევეხებით დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხს, რომელიც ერთ-ერთი უმწვავესი თემაა დედაქალაქისთვის, როგორც ურბანული, ასევე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. დედაქალაქში ათასობით ოჯახია დაზარალებული, რომლებიც სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ ლევან ჟორჟოლიანი 2019 წლიდან არის დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის წევრი და უშუალო მონაწილეობას ღებულობს, საკითხების შესწავლასა და სამართლებრივი კუთხით დახვეწაში, როგორც მერიის ზემოხსენებული კომისიის მუშაობის, ასევე შემდგომში მათი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხილვის ეტაპზე.

საანგარიშო პერიოდში 15 სხვადასხვა დაუმთავრებელი მშენებლობის მიმართ გამოყენებულ იქნა ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში 6000-მდე დაზარალებული ოჯახი ახალი ინვესტორის მიერ დაკმაყოფილდება. მათ შორის ხელშემწყობი ღონისძიებები შეეხო ისეთი კომპანიების მიერ დაზარალებულ პირებს, როგორებიცაა ,,სვეტი“, ,,ოლიმპიური ვარსკვლავი“, ,,ცენტრ პოინტი“ და სხვ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ლევან ჟორჟოლიანის ინიციატივით ორგანიზება გაეწია არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრასა თუ კონფერენციას. მათ შორის აღსანიშნავია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ფინანსური მხარდაჭერით გამართული კონფერენცია თემაზე ,,სამშენებლო სამართალი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობა“, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის, სასამართლოს, სხვადასხვა სამინისტროების, ბიზნესისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეებმა სამშენებლო სამართლის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, სწორი ქალაქგეგმარებისა და ამ კუთხით დედაქალაქში არსებული გამოწვევების თაობაზე იმსჯელეს. გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარე მუდმივ მზაობას გამოთქვამს ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდა თაობის მაქსიმალურ ჩართულობას. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს პერმანენტულად ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში, შეიძინონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და აიმაღლონ პროფესიული უნარ-ჩვევები.