მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზიფიცირების პროგრამა 2024 წლამდე გაგრძელდება

481

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლიდან 2024 წლამდე გააგრძელოს გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამა, რომელის შედეგადაც, დამატებით 211 სოფელი გაზიფიცირდება. ამასთანავე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2021-დან 2024 წლამდე მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურაზე 20 მილიარდ ლარს დახარჯავს, რაც წინა წლებში იმავე მიზნით გამოყოფილ ბიუჯეტთან შედარებით 2-ჯერ მეტია. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა წალენჯიხაში გაზიფიცირებისთვის გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამართლულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება 2021-დან 2024 წლამდე გააგრძელოს ახალი გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 სოფელი გაზიფიცირებული და დაახლოებით 33 ათასი ოჯახი საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ოჯახების 90% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაგალითი და მონაცემი ევროპაში. რაც შეეხება წალენჯიხას, მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთი წლის, წელიწადნახევრის განმავლობაში, დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული, დაახლოებით, 130 ათასი გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერ ამას, პირველ რიგში, ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვაქვს კონკრეტული და ძირითადი მიზანი და ეს მიზანი არის ის, რომ სხვაობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ კომფორტული ცხოვრების მიმართულებით დიდ ქალაქებს, სოფლად და დაბას შორის. ეს არის მთავარი მიზანი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკული პირობები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ ჩვენ, თბილისში, ბათმში, წალენჯიხაში, ზუგდიდში თუ თელავში, ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი მნიშვნელობა.

მინდა გითხრათ, რომ 2012 -დან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კაპიტალურ ხარჯებში დახარჯა 23 მილიარდი ლარი, მაგრამ, ამასთან ერთად, მომავალი 4 წლის განმავლობაში, 2021-2024 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს, მინიმუმ, 20 მილიარდ ლარს – 2-ჯერ უფრო მეტს და ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება, პირველ რიგში, გზებს, გაზის გაყვანილობას, წყალს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ყველაფერს იმას, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო უნდა დაახლოვოს ევროპულ სტანდარტებთან,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.