“საქართველოს მედია-კლუბის” მიმართვა
ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას
და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს
ნებისმიერი არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ სახელმწიფო ორგანოები თანაბარ პირობებს უქმნიდნენ საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესში. „საქართველოს მედია კლუბმა“ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში დააფიქსირა არაერთი ფაქტი, როცა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები განსხვავებულ მიდგომებს იჩენენ მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში აგიტაციის მიმდინარეობისას.
ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების მიერ სააგიტაციო მიზნით მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციების განთავსების ფაქტებზე.
23 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, რამდენიმე ადგილას (ზურაბ გორგილაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთა; მემედ აბაშიძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა; ინასარიძის ქ. №14-ის მიმდებარედ; აღმაშენებლის ქ. №30-ის მიმდებარედ) გამოჩნდა მმართველი პარტიის საარჩევნო პლაკატებით ბრენდირებული დროებითი მსუბუქი კონსტრუქციები, რომლის წინაც დგას მაგიდები სააგიტაციო მასალებით.
„საქართველოს მედია კლუბმა“ 23 ოქტომბერსვე ბათუმის მერიას გაუგზავნა წერილი იმის გასარკვევად, მიმართა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ბათუმის მერიას მსუბუქი კონსტრუქციების დადგმის ნებართვის მისაღებად და აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, გასცა თუ არა მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა თანხმობა.
ჩვენი წერილის პასუხად, ქ. ბათუმის მერიამ გამოგვიგზავნა მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ბატონი ჩიქოვანის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ქალაქ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი მანველიძესადმი 26 ოქტომბერს გაგზავნილი წერილის ასლი. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმის მერია არ არის წინააღმდეგი ქალაქის ცენტრში “ქართული ოცნების“ პლაკატებით ბრენდირებული სააგიტაციო მსუბუქი კონსტრუქციების განთავსების. ამ წერილიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქ. ბათუმის მერიამ აღნიშნული კონსტრუქციების დადგმის ნებართვა გასცა პოსტფაქტუმ, მათი ქალაქში განთავსებიდან 3 დღის შემდეგ.
„ქართული ოცნების“ აღნიშნული აქცია სრულად იდენტურია საარჩევნო სუბიექტის – „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისში, ოქტომბრის თვეში, მეტროსადგურებთან სააგიტაციო მიზნით პარტიის ატრიბუტიკით აღჭურვილი მსუბუქი კონსტრუქციების დადგმის მცდელობისა, რის გამოც ეს ორგანიზაცია თბილისის მერიამ, მარტო ოქტომბრის თვეში, 19 000 ლარით დააჯარიმა.
უფრო ადრე, 2020 წლის ივნისში, როდესაც იგივე მოთხოვნით, წინასაარჩევნო აგიტაციის წარმართვის მიზნით, თბილისის მერიას რამდენიმე მეტროსადგურთან კარვების და მაგიდების დადგმის მოთხოვნით მიმართა საარჩევნო სუბიექტმა „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“, ქალაქ თბილისის მერიამ მას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მსუბუქი კონსტრუქციების დროებით განსათავსებლად აუცილებელი იყო პარტიისათვის მუნიციპალური ქონების (შესაბამისი მიწის ნაკვეთების) სარგებლობის უფლებით გადაცემა. ვინაიდან თბილისის მუნიციპალიტეტი მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლების გადაცემას ახორციელებს აუქციონის წესით, მერიამ პარტიას შესთავაზა მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად კანონით დადგენილი წესით მიემართა ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოსთვის! ვინაიდან „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“ ეს მოთხოვნა არ შეასრულა და კარვები მერიის თანხმობის გარეშე მაინც განათავსა მითითებულ ლოკაციებზე, ეს ორგანიზაცია მრავალჯერ იქნა დაჯარიმებული და ჯამში ჯარიმის ოდენობა უკვე 100 000 ლარს გადასცდა.
აღნიშნული ფაქტები ნათლად მიუთითებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, ერთი და იმავე შეთხვევაში, განსხვავებულად უდგებიან სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებს მათთვის წინასაარჩევნო აგიტაციის წარმართვისათვის საჭირო პირობების შექმნის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, მუნიციპალურმა ორგანომ თბილისში მიიღო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილება, რომლითაც ოპოზიციურ საარჩევნო სუბიექტს, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელს“, არ მისცა სააგიტაციო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა, ხოლო შემდეგ დააჯარიმა პარტია კონსტრუქციების უკანონოდ განთავსებისათვის. ბათუმის ანალოგიურ შემთხვევაში კი, ბათუმის მერიამ უკვე მმართველი პარტიის მიმართ თვალი დახუჭა აშკარა კანონდარღვევაზე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მერიიდან მიღებულ თანხმობამდე რამდენიმე დღით ადრე განათავსა მსუბუქი კონსტრუქციები ქალაქის ტერიტორიაზე, კანონის დარღვევისთვის არ დააჯარიმა მმართველი პარტია, ხოლო „ქართულ ოცნებას“ კონსტრუქციების განთავსებაზე ნებართვა მისცა კონსტრუქციების განთავსებიდან 3 დღის შემდეგ.