კახეთში მაჟორიტარობისთვის მხოლოდ 7 ქალი იბრძვის

569

კახეთში 37 კანდიდატიდან, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად, მხოლოდ შვიდი ქალი იბრძვის. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ახალ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

ამ სისტემის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 30-მდე შემცირდა. კახეთის რეგიონში, ოთხის ნაცვლად, ორი გაერთიანებული სამაჟორიტარო ოლქი შეიქმნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, კახეთის ორ ოლქში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 37 წარმომადგენელი იყრის კენჭს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მოსახლეობის ნდობის მოპოვებას ცდილობს, მხოლოდ 7 ქალია. მსხვილმა პოლიტიკურმა პარტიებმა, კახეთის ოლქებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად, ქალები არ დაასახელეს.

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში წარდგენილი კანდიდატი, მაია წერეთელი ამბობს, რომ ასეთი მიდგომით, პარტიები შეცდომას უშვებენ.

“მე ვფიქრობ, რომ პარტიები ცდებიან, როცა კანდიდატებად ქალებს არ ირჩევენ. თანამედროვე ეპოქამ, განსაკუთრებით კი, ემიგრანტი ქალების სიმრავლემ გვაჩვენა, ქვეყნისათვის მძიმე ჟამს, ვის უფრო რისკიანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. იმისათვის, რომ სახელმწიფო ფეხზე წამოდგეს, გახდეს უფრო ლიბერალური და ძლიერი, საჭიროა, საქართველოს მეტი ქალი ჰყავდეს პარლამენტში. საარჩევნო კამპანიის დროს, სულ ვგრძნობ ამომრჩევლის თბილ დამოკიდებულებას. მჯერა, რომ ჩვენ საზოგადოების კონსოლიდაცია შეგვიძლია”, – განაცხადა წერეთელმა რადიო ჰერეთთან.

თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი, მედეა ჩაფურიშვილი მიიჩნევს, რომ ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში, ქვეყნის ინტერესებისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“არ მომწონს ქალების ასეთი სიმცირე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის. მე მხარს ვუჭერ, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას, ქვოტირების გარეშე და შესაძლებლობების მიხედვით. გადახედეთ, რამდენი ნიჭიერი ქალია, ჩვენს გვერდით, რომელიც შეიძლება მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდეს პარლამენტში, რომ პოლიტიკური სიმპათიები გამოკვეთილი არ აქვს. არ შეიძლება, ძლიერი, განათლებული ქალი, სახელმწიფოს მშენებლობაში არ მონაწილეობდეს. ის, პრობლემების გადაჭრის, ბევრად პრაგმატულ, მშვიდობიან გზას იპოვის და ყველგან მონახავს გზას დიალოგისათვის”, – განაცხადა ჩაფურიშვილმა.

კახეთში, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი, ნანა დევიძე, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ კანონის თანახმად, პარტიებს გენდერული ქვოტირების დაცვა, მხოლოდ პარტიულ სიებში ევალებათ.

“გენდერული ქვოტირების შესახებ” კანონის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, ბალანსის დაცვა ავალიათ მხოლოდ პარტიულ სიაში. ჩვენ გადავხედეთ სიებს და ეს გაკეთებულია. მე ვფიქრობ, რაკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაჟორიტარული სისტემა მეტად აღარ გამოიყენება, პოლიტიკურმა პარტიებმა, არჩევანი მაინც ცნობილ სახეებზე, მამაკაცებზე შეაჩერეს. ალბათ ქალთა სახეების ასეთი სიმცირე, ამითაც აიხსნება. ზოგადად, ქალი, მეტად მშვიდობიანი და პოზიტიური ფიგურაა პოლიტიკაში”, – თქვა დევიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, 31 ოქტომბერს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე გაიმართება.