პრემიერი: სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები

402

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა მიზნობრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორზე გამახვილდება.

გიორგი გახარიამ ისაუბრა სახელმწიფოს სტრატეგიაზე ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, რომელიც წერტილოვან შეზღუდვებს გულისხმობს და აღნიშნა, რომ სისტემური ე.წ ლოკდაუნი არ იგეგმება.

„როდესაც ვამბობთ, რომ სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება და იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამის ფასი მარტივია – პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ, ეს იქნება მაღაზია, რესტორანი, სასტუმრო, ბაზრობა, ტრანსპორტი, საწარმო და კიდევ ბევრი სხვა. ეს არის ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ. ამის იქით არავინ არაფერს გთხოვთ, მაგრამ აქ კომპრომისი არ იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე და განაცხადა, რომ კრიზისული პერიოდის მიუხედავად, გარკვეული მიმართულებებით აღდგენის დადებითი ტენდენცია უკვე შეინიშნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოსტკრიზისული აღდგენის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები აქვს და ბიზნესს მიმართა, მოემზადონ ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რაშიც მათ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ.

„ეკონომიკის ნაწილში 2019 წელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. 2020 წელი ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, აღდგენის პროცესი ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიღმა უკვე დაწყებულია, ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენციებია. საერთოდ, შედარებითი ანალიზის საშუალებით, პოსტკრიზისული აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები გვაქვს, თუმცა გამოწვევა ბევრი იქნება. არავინ იცის და მიუხედავად იმისა, რომ 8 თვე გავიდა, ვერავინ პროგნოზირებს, როგორი იქნება მეორე ტალღის სიღრმე. სახელმწიფოს რესურსი ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მასში ბიზნესის 25-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.