კარალეთის დევნილთა დასახლებაში მემორიალური დაფის დადგმა სურთ. ამის შესახებ დევნილებმა რადიო “მოზაიკას” უთხრეს. მოსახლეობის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ეს თხოვნა არაერთხელ გააჟღერეს, თუმცა მათგან მხოლოდ დაპირებას იღებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
კარალეთის დევნილთა დასახლებაში 480 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან გარკვეულ ნაწილს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული თითო ახლობელი ან ოჯახის წევრი მაინც ყავს.
“რამდენი ხანია ვითხოვთ რომ სკვერი რომ გააკეთეს აქვე სადმე მემორიალური დაფაც დადგან. აქ იზრდებიან თაობები და მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ოჯახის წევრი, ნათესავი თუ ახლობელი 2008 წლის აგვისტოს ომს შეეწირა. ამისთვის ვფიქრობთ კარგი იქნება აქ მემორიალური დაფა დადგან, სადაც დაღუპულთა სახელები და გვარები იქნება დატანილი. თქვენ რომ გაავრცელებთ ჩვენს ამ თხოვნას, იქნება ცენტრალურ დონეზე მაინც მიიტანოს გულთან ვინმემ ეს საკითხი”, – ამბობენ კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები.