დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ქალებისათვის სასწავლო სივრცეები იხსნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შიდა ქართლში სულ 5 დასახლებაში მოეწყობა სივრცეები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული სასწავლო საშუალებებით (კომპიუტერები, პრინტერი) და მუდმივი ინტერნეტით. ქალებისათვის სივრცის შექმნას წინ უძღოდა, თავად კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების თემებზე (IT, ქსელები და ადმინისტრირება, საოფისე პროგრამები).
“პროექტის ფარგლებში 10 დღიანი გადამზადების კურსი გავიარეთ. ახლა თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს დასახლებაში მცხოვრებ ქალებს, დედებს, რომელთა შვილები სკოლის მოსწავლეები არიან, დავეხმარო სხვადასხვა პროგრამების ათვისებაში და ინფორმაციის მოძიებაში. შეგვიძლია ასევე დისტანციურ სასწავლო პროგრამებში თავად ჩავერთოთ და სხვებსაც დავეხმაროთ. ვფიქრობთ, საწყის ეტაპზე, ჩვენთან მცხოვრები ქალებისათვის ელემენტარული უნარ-ჩვევების განსავითარებლად 10 გაკვეთილი საკმარისი იქნება”,-აცხადებენ დევნილი ქალები.
ინფორმაციისთვის, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთმა” (CHCA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტი “დევნილთა უფლებების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებული ქალებისათვის COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში” იანვარში დაიწყო. პროექტის მიზანია, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სასწავლო სივრცეების შექმნა.