„ახალბაღში“ სამი ახლადდამონტაჟებული ატრაქციონი ერთი საათით სატესტო რეჟიმში ჩაირთო.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორის კულტურისა და დასვენების პარკში სულ 6 ახალი ატრაქციონი მონტაჟდება.
„პროექტი ითვალისწინებს ორი ერთეული კარუსელის, მფრინავი სკამების, გემის, ელექტრო მატარებლის მონტაჟსა და ავტოდრომის რეაბილიტაციას, რომელიც ძველი მანქანებითაც ჩანაცვლდება. ხელშეკრულების მიხედვით, ატრაქციონების, როგორც სამონტაჟო, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ღირებულება 800 000 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„ახალბაღში“ ახალი ატრაქციონების მოწყობა იყო გორელი პატარებისა და მათი მშობლების ერთ-ერთი დიდი სურვილი, რომლის განხორციელებასაც მათ მე საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი“, – აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.