“ლელოს ინიციატივა – 100 დღე” – პარტიამ პრეზენტაცია გამართა

430

“თბილისი მარიოტში” “ლელომ” პრეზენტაცია გამართა, რომელიც ყველა იმ ინიციატივას მოიცავდა, რასაც პარტია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებს.

პრეზენტაციას “ლელოს” ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას “ახალი მარშალის გეგმის” მიხედვით პირველი 100 დღის ანონსი გააცნეს.

მათივე ცნობით, ლელო „მარშალის გეგმის” განხორციელებას დაიწყებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთანავე.

„პარტია პირველი 100 დღის განმავლობაში მიიღებს 60-მდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებას, რამაც სათავე უნდა დაუდოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და უსწრაფეს მოდერნიზაციას. მათ შორის „ლელო” ყველაზე უფრო გადაუდებელად თვლის შემდეგი სამი პრობლემის მოგვარებას:

1.მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. რაც მოიაზრებს პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით მექანიზმის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მცირე და საშუალო ზომის კომპანიას და მცირე მეწარმეს, რომელთაც პანდემიის და არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო შეექმნათ საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინონ თავიანთი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 ან 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით.

2. კოვიდის სწორი მართვა – კოვიდის პირობებში ქვეყნის სწორად სამართავად „ლელო” დაეყრდნობა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომლებსაც „ოცნების” მთავრობა ვერ ასრულებს უუნარობის გამო და ამახინჯებს პარტიულ-საარჩევნო მიზნების გამო. კოვიდთან გასამკლავებლად გადამწყვეტი იქნება სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და განხორციელებაში სპეციალისტების, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რაც შეიძლება ფართო ჩართულობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

3.სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა ლონდონის არბიტრაჟის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან ერთად და ინსტიტუციურ ბაზაზე დაყრდნობით, შეიქმნება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელი და უმეტესად ქართველი მოსამართლეებით, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ბიზნეს ადვოკატების წრიდან. ახალი სასამართლო ინსტიტუტის შექმნით გაიზრდება უცხოელი ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი; ქართულ კომპანიებს მიეცემათ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული, ხელმისაწვდომი და სანდო საშუალება; საქართველოს სასამართლო სისტემა აღმოჩნდება კონკურენტულ გარემოში; საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრდება სასამართლოსა და მოსამართლის თანამედროვე სტანდარტი, როგორც ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის მიღწევადი ორიენტირი“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.