გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენი კანდიდატურები მაჟორიტარულ ოლქებში მოვხსნათ (4 საარჩევნო ოლქში) და მთელი ძალისხმევა მივმართოთ არჩევნების პროპორციული ნაწილისაკენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებაში დარწმუნებული ვართ, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ემზარ კაკულიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” მიერ წარდგენილ მაჟორიტარებს რეალური გამარჯვების, ან მეორე ტურში გასვლის შანსები არ აქვთ. პარტიის მხარდამჭერებისა და მოხალისეების მიერ ჩატარებული გამოკითხვებისა და კვლევების თანახმად, შედეგი სწორედ ამგვარი დაიდო.
კაკულიას განმარტებით, ამ ეტაპზე უმჯობესია, ის მცირე რესურსი, რომელიც პარტიას რეალურად შერჩა, მიმართული სწორედ პარტიული ხმების მობილიზებაზე იყოს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მაჟორიტარის კანდიდატურა მოხსნილი არაა მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში, რომელშიც ,,თავისუფალ დემოკრატებს” წარდგენილი ჰყავთ ვიტალი დარასელია.
,,ჩვენ ვართ რეალისტები და ბევრი ოპოზიციური პარტიისაგან განსხვავებით, ჩვენს შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებთ.
სამწუხაროდ, ჩვენს მაჟორიტარებს პირველივე ტურში გამარჯვების ან მეორე ტურში გასვლის რეალური, მაღალი შანსები არ აქვთ, რის გამოც გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი რესურსი (და პირველ რიგში საუბარია ადამიანურ რესურსებზე), მივმართოთ პარტიული ხმების მობილიზებაზე, რათა პარტიას მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს, ხელისუფლების რეალური პრობლემებისა და ხარვეზების გამკრიტიკებელი ოპონენტი საქართველოს პარლამენტში.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი კანდიდატურები მაჟორიტარულ ოლქებში მოვხსნათ და მთელი ძალისხმევა არჩევნების პროპორციული ნაწილისკენ მივმართოთ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებაში დარწმუნებული ვართ”, – განაცხადა ემზარ კაკულიამ.