დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ ხელისუფლება მის მიმართ სავარაუდო უკანონო თვალთვალსა და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლაში დაადანაშაულა. ის აღნიშნულ საქმეზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ანა დოლიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას უნდა მიაწოდოს კონკრეტული მტკიცებულებები – ფოტომასალა, თუ როგორ ხდება მის მიმართ სავარაუდოდ უკანონო თვალთვალი და დევნა.
„წინა კვირას მოვიტანე კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული სახელები და გვარები, ფოტოები, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი კამპანიის წევრებზე ადევნება, თვალთვალი, ჩემი ყველა საჯარო შეხვედრის ჩაწერა და ამ შეხვედრაზე გამოსული ხალხის თვალთვალი. ახლა დამიბარა გამომძიებელმა და მასთან მომაქვს კონკრეტული ახალი ფაქტები, მანქანა, იდენტიფიცირებული პირი, მანქანის ნომერი, სახელი-გვარი და მუქარა ჩემ მიმართ. გამოძიებას აღარ ექნება შესაძლებლობა თქვას, რომ მტკიცებულებები არ აქვს ან ვერ მოიპოვებს, რადგან ჩვენ გვაქვს ფოტოები, მანქანის აღწერილობა და ვინაობა იმ ხალხის, ვინც თრგუნავენ ჩემს მხარდამჭერებს იმით, რომ ღიად, დაუფარავად არიან ადევნებული ჩემს კამპანიას და ყველაფერს იწერენ”,-განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, დოლიძეს საქმის დროულად და ობიექტურად გამოძიებაში ეჭვი ეპარება.
„წელს, მარტო მე, მეოთხე სისხლის სამართლის საქმე მაქვს მოტანილი ამ უწყებაში. ძალიან მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი მოქალაქეების დაშინებას, რაც არ უნდა ჩაიწერონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ. ფაქტებს, რომელსაც დღეს უწყებაში წარმოვადგენ, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოვახსენებთ. გამოძიებას ამ უწყების მაგივრად მე ვერ ჩავატარებ, მაგრამ „საშინაო დავალება” თითქმის ყველაფერი გაკეთებულია”,-განაცხადა ანა დოლიძემ.
ის ვარაუდობს, რომ სავარაუდო უკანონო თვალთვალის უკან ხელისუფლება დგას.
„უკანონო თვალთვალი და ჩემი შეხვედრების ჩაწერა ხელისუფლებას აწყობს, ეს ცალსახაა. ვიღაც შეხვედრებს იწერს, რითაც შესაძლოა, მოსახლეობა შეაფერხოს, რომ ოპოზიციონერს არ შეხვდეს“, – განაცხადა დოლიძემ.