ცქიტიშვილი: წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით შემოსულია 3 წინადადება ქართული კომპანიებისგან, რომლებსაც გამოცდილი უცხოური პარტნიორები ჰყავთ

881

წყალტუბოს პროექტთან წარმოდგენილია 3 წინადადება ქართული კომპანიებისგან, რომლებსაც უცხოური გამოცდილი პარტნიორები ჰყავთ. ამ სამი პროექტიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და გენგეგმა გვაჩვენებს, რა მოცულობის მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში, სადაც განლაგებულია ძირითადი საინვესტიციო პროექტები და მიტოვებული სასტუმროები, რომლებიც უნდა მოხვდეს საპრიტავიზაციო ნუსხაში, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„წყალტუბოში, ისევე როგორც აბასთუმანში, ვიწყებთ გენგეგმით. უკვე შედგა კონკურსი გენგეგმასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში წყალტუბოში ჩავატარებთ პრეზენტაციას. წარმოდგენილია 3 წინადადება ქართული კომპანიებისგან, რომლებსაც უცხოური გამოცდილი პარტნიორები ჰყავთ. ამ სამი პროექტიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და გენგეგმა გვაჩვენებს, რა მოცულობის მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში, სადაც განლაგებულია ძირითადი საინვესტიციო პროექტები და მიტოვებული სასტუმროები, რომლებიც უნდა მოხვდეს საპრიტავიზაციო ნუსხაში. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო გენგეგმის საპროექტო ჯგუფებთან ერთად განსაზღვრავს, რა ახალი ტიპის ინფრასტრუქტურაზე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო წინადადება. გენგეგმა უნდა დასრულდეს 6 თვეში, თუმცა გვესმის, რომ ეს ეტაპობრივი პროცესია, ამიტომ პირველ 3 თვეში უნდა წარმოადგინონ ცენტრალური ზონის განვითარების კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედება ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო წინადადებას. 2021 წელს ეს პროცესი უკვე დაწყებული იქნება, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქ ახლაც ატარებს სამუშაოებს – მიმდინარეობს წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების მოწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.