ჩვენ უნდა დავაფორმიროთ კოალიციური მთავრობა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა 21-ე საუკუნის საქართველოში – ეს არის „ლელოს” “მარშალის გეგმა” , – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე ონლაინ მიმართვისას განაცხადა.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც „სუფთა ხელები“ სჭირდება.
„ეს არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ეს შეეხება ყველა სფეროს – განათლებას, ჯანდაცვას, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალს, ეკონომიკას, სამართალს. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტურ ცვლილებებს კი სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც „ლელოს“ გარშემოა შემოკრებილი, ფუნდამენტურ ცვლილებებს სჭირდება სუფთა ხელები, წრფელი გული, რწმენა, რომ შენი ქვეყანა გიყვარს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საქართველო ისევე დაამარცხებს კორონავირუსს, როგორც „უნიათო მთავრობას“.
„ჩვენ ამ დაავადებას ვაჯობებთ, ვაჯობებთ ჩვენი ენერგიით, ჩვენი სიმხნევით, ამ პანდემიას დავამარცხებთ, ისევე როგორც დავამარცხებთ იმ უნიათო მთავრობას, რომელმაც გააჩერა ქვეყანა, რომელმაც ქვეყანა სიღატაკის, შიმშილობის, უიმედობის ზღვარზე მიიყვანა. სწორედ ამას გავაჩერებთ 31 დეკემბერს და სასწრაფოდ დავიწყებთ ქვეყნის აღორძინებას. პრობლემა ბევრია ქვეყანაში, მაგრამ მთავარი პრობლემა არის დაქსაქსულობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართულ სინამდვილეში შემოიტანა. ეს დაქსაქსულობა, უიმედობა, ნიჰილიზმი უნდა დავჯაბნოთ. მინდა, მოვუწოდო ყველას, დარაზმულები წავიდეთ საარჩევნო უბანზე და მოვუგოთ იმ გაჭირვებას უიმედობას, რომელიც 8 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მტერია“, – განაცხადა ხაზარაძემ.