გორი-დოესის გზაზე ორმოულების ამოვსება დასრულდა

356

1-კვირიანი პაუზის შემდეგ გორი-კასპის შემოვლით გზაზე ორმოულების შეკეთება დასრულდა. საგზაო სამმარველოს მუშებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო, თუმცა, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა გადათხრილი გზები ღიად რამდენიმე დღე დატოვეს.

ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე ასფალტის ქარხანა ბიტუმის საკმარის რაოდენობას არ გაამზადებდა, მანამდე ორმოულების შევსებას ვერ შეძლებდნენ. გადათხრილი გზებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო, საავარიო სიტუაციები იქმნებოდა.

qartli.ge წერდა, რომ ასფალტის ქარხანა ერთი კონკრეტული ტენდერის ფარგლებში, ასფალტის ნარევს არ ამზადებს.

“უნდა დაგროვდეს ბევრი შეკვეთა, რომ ჩვენთვისაც გაითვალისწინონ ასფალტის ნარევი. ისინი ამით ეკონომიას აკეთებენ”, – გვეუბნებოდა მუშა, რომელსაც  გადათხრილი ორმოების დიდი ხნით დატოვების მიზეზი ვკითხეთ.