ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ სოფელ ბოლაჯურში ადგილობრივებთან შეხვედრისას „ქარული ოცნების“ მხარდამჭერმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კანდიდატმა პოლიციას მიმართა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
კუბლაშვილის განცხადებით, ინციდენტი 25 სექტემბერს მოხდა.
„ეს პიროვნება იყო ოცნების აქტივისტი, პრეტენზია გამოთქვა რატომ არ ვიყავი მთავრობის მომხრე. შენ გროშების გულისთვის დადიხარო, ასე მითხრა. უნდოდა დაერტყა, მაგრამ ჩვენს შუაში მერის წარმომადგენელი, ჯემალი ჩხიტუნიძე ჩადგა, ეს ამბავი პოლიციაში განვაცხადე იმავე საღამოს. ასევე მივმართე მერიას, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს. იმ პირმა არ მომცა საშუალება წინასაარჩევნო შეხვედრა ჩამეტარებინა“ – განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.
„სამხრეთის კარიბჭე“ აღნიშნულ ფაქტზე ბოლაჯურში მერის წარომადგენელსაც ესაუბრა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
რედაქცია პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ელოდება.
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბრიფინგი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 20 ოქტომბერს გამართა.
კუბლაშვილი ადიგენის მერიისგან კიდევ ერთ საკითხზე ელოდება რეაგირებას, ამბობს, რომ მის პლაკატებს ხევენ.