ცქიტიშვილი: ჩვენ ჩავატარებთ ამ არჩევნებს ისევე, როგორც ვატარებდით ყველა არჩევნებს 2013 წლიდან დაწყებული

328

ჩვენ ჩავატარებთ ამ არჩევნებს ისევე, როგორც ვატარებდით ყველა არჩევნებს 2013 წლიდან დაწყებული, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები, რომლებიც 2013 წლიდან ტარდებოდა, იყო შეფასებული, როგორც „გამჭვირვალე, ძალიან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“.

ცქიტიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გზავნის, თუმცა მონიტორინგს ადგილობრივი დამკვირვებლების მეშვეობით ახორციელებს.

„თქვენ როგორც იცით, კოვიდი არის მთელ მსოფლიოში. ეს პანდემია აისახება ყველა სტრუქტურის, ყველა ინსტიტუციის მუშაობაზე. იცით, რომ ბევრმა სხვა ორგანიზაციამ, მათ შორის, NDI-მ და IRI-მ არ გამოაგზავნეს თავისი გრძელვადიანი დამკვირვებლები, მაგრამ ისინი ამასთან ერთად, ახორციელებენ სრულ დაკვირვებას არჩევნებზე ადგილობრივი დამკვირვებლების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ მათი ეგიდით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.