ეს არის გაყალბების ახალი სქემა, რომელიც შეიმუშავა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელისუფლებასთან ერთად, – ასე აფასებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბუჯანაძე ცესკოს დადგენილებას კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით.
როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, ერთი მხრივ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანისთვის ხმის მიცემის საკონსტიტუციო უფლება, თუმცა, „უუნარო ხელისუფლების პირობებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ კანონი შეცვალოს კანონქვემდებარე აქტებით და კანონქვემდებარე აქტებით დაარეგულიროს მთლიანად არჩევნები“.
„რაც აქ წერია, ეს არის პრაქტიკულად, სამართლიანად შეუსრულებადი დოკუმენტი, გამორიცხულია ამის სრულყოფილი დამენეჯმენტება მოახერხოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მაგრამ მეორე, რასაც ნამდვილად მოახერხებს ცესკო და ხელისუფლება ეს არის ამ დოკუმენტის მეშვეობით არჩევნების გაყალბება. აქ დაწერილი რეგულაციებით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება აპირებს დამატებით 30-დან 50 000 ხმამდე მინიმუმ ჩაიდოს ჯიბეში და შესაძლებელია, თუ ეფექტურად განახორციელებენ ამ აფიორას, მეტი ხმაც დაიმატოს. იქმნება სპეციალური უბნები, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს.
ადამიანებს აძლევენ უფლებას, რომ 28 ოქტომბრამდე სატელეფონო ზარი განახორციელონ, რომ არიან თვითიზოლაციაში და მოითხოვონ გადასატანი ყუთი და ისე მისცენ ხმა. ვინ გააკონტროლებს ამას, როცა ათასობით ადამიანი დარეკავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოითხოვს გადასატანი ყუთის მიტანას?“- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ამასთან, ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს საგანგებო პლენარული სხდომა მოიწვიოს და დეტალურად ახსნან, თუ რას აპირებენ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არჩევნების დღის სწორად დასაგეგმად.
„მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმ ჭრილში, რომ ჩვენ 10 დღის შემდეგ გველოდება ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. უუნარო ხელისუფლებამ რა თქმა უნდა, ვერ შეძლო გამკლავებოდა მეორე ტალღას და დღეს ქვეყანა და მოსახლეობა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლება სწორად შეძლებს საარჩევნო დღის დაგეგმვას, მაგრამ სამაგიეროდ, ხელისუფლება მშვენივრად ახერხებს უკვე იფიქროს არა საკუთარ მოსახლეობაზე და არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, არამედ, იმაზე, თუ რა მექანიზმებით და რა ტრიუკებით გაიხანგრძლივოს ხელისუფლება. პირველ რიგში, მინდა კატეგორიულად მოვთხოვო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოიწვიეთ საგანგებო პლენარული სხდომა და გვითხრათ, რას აპირებთ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენც პოლიტიკური პარტიების წარმოადგენლები, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ხელისუფლება სწორად გეგმავს არჩევნების დღეს და არჩევნებზე მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი ყველაფრით, რაც საჭიროა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდად, უსაფრთხო გარემოში და სამართლიანად. რა თქმა უნდა ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, მაგრამ მე ვალდებული ვარ, რომ ეს მოწოდება ხელისუფლების მისამართით გავახმოვანო. ასევე, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას შემოუერთდნენ ამ მოწოდებას, დიახ, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ორ კვირაში შეიცვლება, ეს ორი კვირა ხელისუფლებამ იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროა და კეთილი ინებოს და დეტალურად ჩაგვყენოს საქმის კურსში, რას აპირებს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არჩევნების დღეს და შემდეგ მეორე ტურებამდე,“- განაცხადა ბურჯანაძემ.
საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს – 31 ოქტომბერს ამომრჩევლების ამ კატეგორიას გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიუტანენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ, ბრიფინგზე თქვა.