რამდენიმე პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკის სახით მიიღებს მონაწილეობას

589

„ევროპული საქართველო“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ბლოკის სახით მიიღებს. საარჩევნო ბლოკი უკვე რეგისტრირებული როგორც „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“. საარჩევნო ბლოკი ორი პოლიტიკური პარტიისგან შედგება, თავად „ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“. ეს პოლიტიკური გაერთიანება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პოლიტიკურ სუბიექტად 2017 წლის 22 აგვისტოს დარეგისტრირდა, მისი თავმჯდომარე კი, ხათუნა ქოიავაა. როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, ეს არის ე.წ. ტექნიკური ბლოკი.

„ეს არის ე.წ. ტექნიკური ბლოკი, რაც ჩვენ ძველადაც გაგვიკეთებია, ეს არ არის ახალი ნაბიჯი, ამ ტექნიკური ბლოკის აზრი არის ის რომ ბლოკის შექმნით პოლიტიკური პარტიები იღებენ მთელ რიგ დამატებით რესურსებს, როგორც ამ არჩევნებისთვის ისე მომავალშიც, ეს შეიძლება იყოს ფინანსური რესურსი, საეთერო დრო და ასე შემდეგ, შესაბამისად, ვსარგებლობთ იმ პრივილეგიებით რომელიც ჯერ კიდევ აქვს დღევანდელი კანონმდებლობით ბლოკს“, – განაცხადა პირველ არხთან ლევან თარხნიშვილმა.

რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ პარტიას, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ეს არის ახალჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალა, რომლებიც მათი მეგობრების და თანამოაზრეების მიერ არის შექმნილი, შესაბამისად, ის ჩვეულებრივ განაგრძობს არსებობას ამ არჩევნების შემდეგ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად.

რაც შეეხება ე.წ. ბლოკის შექმნის მიზეზებს, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი არის ის პრივილეგიები, რასაც საარჩევნო ბლოკები იღებენ.

„ორ ნაწილად უნდა გავყოთ პრივილეგიები, ერთი არის ის პრივილეგიები რომელიც გვაქვს ამ არჩევნებისთვის წარმომადგენლობის კუთხით, დაფინანსების კუთხით და მეორე ეს არის იმ შემთხვევაში თუ ბლოკი მიაღწევს წარმატებას, ეს პარტია გახდება კვალიფიციური სუბიექტი და მიიღებს იმ პრივილეგიებს რაც აქვს კვალიფიციურ სუბიექტს, როგორც დაფინანსების კუთხით, ისე საეთერო დროის კუთხით. ეს არის ის, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი კანონმდებლობა და ჩვენ რა თქმა უნდა, კანონის დაცვით ვიყენებთ ამ უფლებას და საშუალებას“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

გარდა „ევროპული საქართველოსი“, თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკით იქნება წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც ბლოკს ქმნის შოთა მალაშხიას „საქართველოს ქრისტიან – კონსერვატიულ პარტიასთან“ და ბაჩუკი ქარდავას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიასთან“ – საარჩევნო ბლოკმა რეგისტრაცია უკვე გაიარა.

ასევე, საარჩევნო ბლოკით იქნებიან წარმოდგენილი თვითმმართველობის არჩევნებზე „ახალი საქართველო“ და „ევროპელი დემოკრატები“ – საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“.

კიდევ ერთი საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოა“, რომელიც „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობისა“ და კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ ალიანსის შედეგად შეიქმნა.

საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ბოლო ვადა პოლიტიკურ პარტიებს დღეს ექვს საათამდე აქვთ.

წყარო: 1tv.ge