კოვიდინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ ორი ბაგა-ბაღი დაიხურა. ჯამში ამ დროისთვის თბილისში სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღში არ მიმდინარეობს. ინფიცირებულია შვიდი აღსაზრდელი და 18 თანამშრომელი. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ გააკეთა.
გვანცელაძის განცხადებით, დადასტურებული შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო, დაიხურება თუ არა თბილისში სკოლამდელი დაწესებულები, ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივაა.
„უკვე შეჩერებული არის მუშაობა 25 საბავშვო ბაღში. არიან ინფიცურენულები, როგორც ბავშვები, ასევე თანამშრომლები. გუშინ, გვიან ღამით მივიღეთ ინფორმაცია ტესტების შესახებ და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული გუშინ ღამითვე ორ ბაღთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება დახურვასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს საბჭომ და შესაბამისად, ჩვენ აღვასრულებთ. უმაღლეს დონემდე არის აყვანილი უსაფრთხოების ზომები, ყველა რეგულაცია ჩვენს ბაღებში აღსრულების პროცესში არის და თავად ბაღები არიან უსაფრთხო გარემოში. დასწრებამ მნიშვნელოვნად იკლო წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით და ეს არის დაახლოებით 25-პროცენტიანი კლება“, – განაცხადა გვანცელაძემ.
კახაბერ გვანცელაძის თქმით, უახლოეს დღეებში თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლების ტესტირება დაიწყება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ტესტს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით თანამშრომელთა 16%-ს აუღებენ, ეტაპობრივად კი, პროცესში ყველა მათგანი ჩაერთვება. ჯამში საუბარია 11 000 თანამშრომელზე.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კომუნიკაციის შედეგად, ჩვენ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, რომ დავიწყებთ 11 000-ივე თანამშრომლის ტესტირებას. თუმცა პირველ ეტაპზე ეს იქნება შემთხვევითი შერჩევის მეთოდით და დაახლოებით 16%-ზე არის საუბარი, რომ დავიწყებთ სწორედ მათი ტესტირებით და ამის შემდეგ უკვე აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი გაივლოს ტესტირებას. 11 000 თანამშრომელი, რომელშიც შედის, როგორც აღმზრდელი, ასევე ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.