“კრამიტის ხარისხი დაზიანების ერთადერთი მიზეზი არ არის”- ,,ICOMOS საქართველო” გელათის მონასტერზე

1076
გელათის დროებითი კონსერვაციის პროცესზე „ICOMOS საქართველო“ დასკვნას აქვეყნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, გადახურვის დაზიანების მიზეზი მხოლოდ გელათის მონასტრის კრამიტის ხარისხი არ არის და პრობლემურია კრამიტის დაწყობის ტექნოლოგიაც.

“დაუშვებელია სიჩქარე დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციისას. არ შეიძლება პირველი რიგის ამოცანად დასახული იქნას დახარვეზებული კრამიტის გამოცვლა. სახურავების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს კედლის მხატვრობის (ეროვნული სააგენტოს ანგარიშებში აღწერილი) დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციამდე, სახელმწიფომ უზრუნველყოს UNESCO – ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მხრიდან ტექნიკური შეფასების დოკუმენტები, არამხოლოდ დროებითი გადახურვის პროექტზე, არამედ პროექტის სხვა კომპონენტებზეც, როგორიცაა სახურავის რეაბილიტაციის პროექტი, ქვის კონსერვაცია და აშ., ვინაიდან ეროვნული სააგენტოს ანგარიშებიდან ნათლად ჩანს, რომ კრამიტის ხარისხი დაზიანების ერთადერთი მიზეზი არ არის და პრობლემურია კრამიტის დაწყობის ტექნოლოგიაც და სახურავის მოწყობა წყლის გადაყვანის თვალსაზრისით,”- წერია კვლევაში.

„ICOMOS საქართველო“ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ეროვნული კომიტეტია. ორგანიზაცია მოწოდებულია ICOMOS-ის ქარტიების, რეკომენდაციებისა და დეკლარაციების შესაბამისად ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მაღალი სტანდარტების განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

„ICOMOS საქართველოს” დოკუმენტის თანახმად, გელათის მონასტერში კედლის მხატვრობის საგანგაშო მდგომარეობა, როგორც მთავარ ტაძარში, განსაკუთრებით კი წმ. გიორგის ეკლესიაში, 2010 წლიდან მოყოლებული ყველა შეფასების დოკუმენტის მთავარი თემაა.
“ამიტომ იყო სახურავების რეაბილიტაცია დიდი პროექტის (2014-2019) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. შესაბამისად დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზები სცილდება 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ნამდვილად დაამძიმა კედლის მხატვრობის დაზიანების ხარისხი და შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა, რომელსაც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა ესაჭიროება,”- წერია დასკვნაში.

გელათი ისევ ხარაჩოებშია. დროებოით მოწყობილ გადახურვაში ტაძარში ისევ ზიანდება ფრესკები, ცვივა კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.
მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.