საჩხერეში გამყოფი ხაზის 5 სოფლის – პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალასა და სპეთის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 11.5 მილიონი ლარით აფინანსებს.
„პროექტი ითვალისწინებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების – პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალის და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, რისთვისაც გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავე ნაგებობის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელების მოწყობა. დაგეგმილია სოფლებში მრიცხველების მონტაჟიც. ამ დროისთვის სოფლებს არ გააჩნიათ წყალმომარაგების სისტემა. ზოგიერთ უბნებში მოწყობილია მცირე, კუსტარული ქსელები და სამარაგო ავზები, რაც არ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს. მოსახლეობა, ძირითადად, სარგებლობს ადგილობრივი წყაროებისა და ჭის წყლით.
პროექტის დასრულების შემდეგ პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მოსახლე 24- საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.