საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ძალაში რჩება გადაწყვეტილება 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.
თუმცა, გახარიას თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს ეძლევათ რეკომენდაცია, სადაც შესაძლებელია, სწავლა დისტანციურ რეჟიმში განხორციელდეს.
„ჩვენ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა გაგრძელებულიყო 19 რიცხვიდან. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ სადაც შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.