დარღვევები, რომელიც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო მონიტორინგისას გამოავლინა

682

”სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, საქართველოში, 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, გამოვლინდა რიგი დარღვევები.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 82 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების ორი, ზეწოლა-მუქარის ორი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – ერთი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – სამი, დამკვირვებლისთვის ხელისშეშლის – ერთი ფაქტი.

“საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება გარკვეული ხარვეზებით წარიმართა 8 საარჩევნო ოლქში. ადგილი ჰქონდა ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგოდ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალური ქსელების მეშვეობით. გარდა ამისა, საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 38 მუნიციპალიტეტში და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის 5 შემთხვევა. მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენს ის, რომ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები ივნისის თვიდან აქტიურად ხორციელდებოდა, ხოლო სახელმწიფო და თვითმმართველობის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ ძირითადი აქტივობები ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა”, – ნათქვამია ”სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კიდევ ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო სოციალური ქსელში თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანია, სავარაუდოდ, მათი დისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ, ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად შეინიშნებოდა ფეისბუქზე გარკვეული გვერდების გააქტიურება, რომელთა მეშვეობითაც თბილისის მერობის სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დასპონსორებული პოსტები ვრცელდებოდა.

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, მსგავსი ფორმით წარმოებული კამპანია წინაასაარჩევნო აგიტაციაა და უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს.

პირველ შუალედურ ანგარიშში ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებს, აუდიტის სამსახურსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს სხვადასხვა რეკომენდაციებით მიმართავს.

იხილეთ ანგარიში სრულად

წყარო: ინტერპრესნიუსი