პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისსა და ბათუმში სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა პანდემიას, ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე მინიმალური ზიანი ჰქონდეს.
„პრემიერმინისტრის ძლიერი ლიდერობით ხელისუფლება მუშაობს კორონავირუსის წინააღმდეგ ყოველდღიურ რეჟიმში. დღესაც გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. მატება არის, როგორც მთელი ევროპის მასშტაბით. საქართველო არის ამ გლობალური გამოწვევის წინაშე და რა თქმა უნდა, ჩვენ მსოფლიოსგან სრულად იზოლირებული პანდემიის კონტექსტში ვერ ვიქნებით, თუმცა საქართველო ამ მომენტისთვის ყველაზე დაბალი გავრცელების ქვეყანაა იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისი გლობალური სტატისტიკაც ყოველდღიურად ქვეყნდება.
მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, მათ ჯანმრთელობაზე, მივაწოდოთ სერვისები და ამავე დროს ვზრუნავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა მინიმალურად დაზარალდეს და გავიაროთ ეს პროცესი მინიმალური ზიანით. სისტემური შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ იგეგემება არც თბილისში, არც ბათუმში. გადავანაწილეთ ძალები – ეპიდემიოლოგები, ექიმები და ექთნები. აჭარაში შეინიშნება იმედისმომცემი ტენდენცია, სტაბილიზაცია თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მოვადუნოთ ყურადღება“, – განაცხადა თალაკვაძემ.