”სამართლიანი არჩევნები”: არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ცვლილებები მასიურად შევიდა

771

”სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცვლილებები მასიურად შევიდა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ”სამართლიანმა არჩევნებმა“ მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ცვლილებების დაკვირვება ივნისის თვიდან განახორციელა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტებში ცვლილებები ფორმალურად საარჩევნო კოდექსის დაცვით განხორციელდა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ცვლილებების შედეგად ინიცირებული პროექტების განხორციელება აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვევა, რაც წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის გაგრძელებაა.

”ამ პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური პროექტების დაწყების 40-მდე ფაქტი გამოვლინდა. ცვლილებების შედეგად, უმეტეს შემთხვევაში გაიზარდა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსება. აღნიშნულის საფუძველს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა 2017 წლის 14 მარტის საქართველოს მთავრობის N480 განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყო 72,322,208 ლარი.
აღნიშნული თანხით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაიგეგმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით დაუშვებელია ისეთი პროგრამების/პროექტების განხორციელება, რომელიც მანამდე გათვალისწინებული არ იყო ხელისუფლების მიერ.

ასევე სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, და სხვა) ოდენობის ზრდა. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ის გარემოება, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ივნისის თვიდან აქტიურად ხორციელდებოდა, ხოლო სახელმწიფო და თვითმმართველობის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ძირითადი აქტივობები, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტებში ცვლილებები ფორმალურად საარჩევნო კოდექსის დაცვით განხორციელდა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ცვლილებების შედეგად ინიცირებული პროექტების განხორციელება აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვევა, რაც წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის გაგრძელებაა”, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

წყარო: ინტერპრესნიუსი