დღეს, როდესაც ინფიცირების სერიოზული მატება გვაქვს, პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეშიც, სადაც ვერ ვიცავთ 2-მეტრიან დისტანციას. თუმცა მე მაინც მოგიწოდებდით, რომ ამ ცივ პერიოდში ღია სივრცეშიც ატარეთ ყველამ პირბადე, – ამის შესახებ საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გუშინ ამოვიღე ახალი მონაცემები ყველაზე უფრო გავლენიანი და ავტორიტეტული ჟურნალებიდან – თავდაცვის საუკეთესო საშუალება კვლავ არის პირბადე. დღეს, როდესაც ინფიცირების სერიოზული მატება გვაქვს, პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეშიც, სადაც ვერ ვიცავთ 2-მეტრიან დისტანციას. თუმცა მე მაინც მოგიწოდებდით, რომ ამ ცივ პერიოდში ღია სივრცეშიც ატარეთ ყველამ პირბადე. პირბადე 50-75%-ით ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. თუ 2 ადამიანს უკეთია პირბადე და ერთ-ერთი მათგანი ინფიცირებულია, 2-მეტრიანი დისტანციის შემთხვევაში ინფექციის გადადების ალბათობა 1%-ია. მედიას საზოგადოებაზე ზემოქმედების ძალიან დიდი ძალა აქვს და უნდა მოუწოდოთ საზოგადოებას, რომ დაიცვას ეს მარტივი წესი. გარდა ამისა, გთხოვთ ყველას, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან. ცოტახანი, 1 წლამდე არ გვინდა დიდი ქორწილები, დიდი ჭირის სუფრები, დიდი დღეობები. მოვა ამის დროც, მაგრამ ეს ჯერ ეს პერიოდი უნდა გავიაროთ. ყველა გავრცელების წყარო, რაც ბოლო 1,5 თვეში გვქონდა, იწყებოდა დიდი შეკრებებიდან. არ მინდა ახლა ჩამოვთვალო – ვისი, საიდან და როგორ – მაგრამ ყველა ეს წყარო ცნობილია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა — 292, გარდაიცვალა 7 ადამიანი.
ჯამში საქართველოში კორონავირუსის სულ 13 521 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 7 159 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით სულ 109 გარდაიცვალა.