გორის მერი ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. კონსტანტინე თავზარაშვილი არ უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის საჩუქრად გადაცემას ელოდებოდა, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობაში პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ფინანსური კუთხით მონაწილეობა მუნიციპალიტეტმაც მიიღოს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია 10 წლის განმავლობში 30 ავტობუსისთვის საჭირო თანხის დიდ ნაწილს დაფარავს, რაც დაახლოებით მთლიანი ღირებულების 85% -ია.
“ჩვენ ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც გვჩუქნის, იმან აღარ გამოიმეტა საჩუქრად. ამიტომ 10 წლიან სესხს ვიღებთ. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოიძია დონორი, ამ შემთხვევაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. არ გადმოგვცეს საჩუქრად და ჩვენი მონაწილეობაც გახდა საჭირო. 10 წლიან სესხს ვიღებთ, რას ვიზამთ, საჭიროი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, მოსახლეობას უნდა შევუმსუბუქოთ ეს პრობლემა”, – ამბობს გორის მერი.