ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კვირის ბოლოს კოვიდინფიცირებულებს, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფებს უკვე ეცოდინებათ როგორ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
თამარ ჟვანიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “შენი დილა” პირველად ისაუბრა იმ შეთავაზებაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვის აქვს. საუბარია საარჩევნო უბნების გახსნაზე კოვდინფიცირებულებისა და საკარანტინე სივრცეში მყოფებისთვის, ასევე გადასატან ყუთზე მათთვის, ვინც თვითიზოლაციაშია:
ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და მთავარი არგუმენტი იყო, რომ ყველაფერი გააკეთოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კონსტიტუციური უფლების განხორციელების უფლება. ჩვენი დღევანდელი შეთავაზება არის ის, რომ საკარანტინე სივრცეებში გავხსნათ უბნები, კოვიდინფიცირებულებისთვის გავხსნათ უბნები და ამავდროულად, მათ ვინც ბინებში გადიან როგორც სამედიცინო მომსახურებას, შეიძლება ეს იყოს კოვიდინფიცირებული მსუბუქი ფორმით, მაგრამ თვითიზოლაციაშია, მათ მოვემსახუროთ გადასატანი ყუთებით – ეს არის ჩვენი შეთავაზება” ამბობს თამარ ჟვანია.
ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, საკითხს თავის ყველა დეტალით, საარჩევნო ადმინისტრაციაში სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკური პარტიებთან ერთად, დღეს განიხილავენ.