დაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება, გაცალმხრივდება თუ არა პეკინის ქუჩა

1362

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი განმარტავს, რა სახის იქნება პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ. კერძოდ, როგორც კუბლაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”დღის თემა” განაცხადა, რეაბილიტაციის შემდეგ პეკინის ქუჩაზე მოეწყობა ველობილიკები, ავტობუსის ახალი გაჩერებები, ახალი ტროტუარები და ა.შ.

”გზის სავალი ნაწილი თითქმის დასრულებულია, 100-მეტრიანი მონაკვეთი დარჩა და დილისთვის დასრულდება ეს სამუშაოები. სრულად ვართ გადართული ტროტუარების კეთებაზე. მარცხენა მხარეს დღეს ეს სამუშაოებიც დასრულდება და უკვე შშმ პირების გადასასვლელის სამუშაოებს დავიწყებთ, რისთვისაც სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება. პარალელურად გაგრძელდება მარჯვენა მხარეს ტროტუარების მოწყობა. თავდაპირველად მოეწყობა ავტობუსის გაჩერებები, დასრულდება ტროტუარის მშენებლობა და შემდეგ დაიგება წითელი ასფალტი, რომელიც იქნება განკუთვნილი ველოსიპედით გადაადგილებისთვის. მოეწყობა ორმხრივი ველობილიკი, ასევე მოეწყობა ავტობუსის ხაზები, რომელსაც დაახლოებით ათი დღის ვადაში დახაზავს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. ამის შემდეგ სრულად იქნება საშუალება აღდგეს მოძრაობა. ამ გზის რეაბილიტაცია ბოლოს 1953-1955 წლებში მოხდა, დიდი სამუშაოები გასწია GWP-მ. მთლიანად შეიცვალა 400-იანი და 160-იანი წყლის მილები და სანაცია მოხდა 1000-იან მილზე. დაახლოებით 400-მეტრიანი კანალიზაციის გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა, ძირითადი სირთულის სწორედ ეს სამუშაოები იყო. ხეების ირგვლივ მოეწყო ახალი ცხაურები და წყლის დამცლელები დამონტაჟდა. გამწვანების სამსახური გააგრძელებს მუშაობას, დაიდგმება ყვავილების ქოთნები და სკამები. შეიძლება ითქვას, მოქალაქეები სრულიად ახალ პეკინის ქუჩას მიიღებენ”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას, კუბლაშვილის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება 6 დღეში იქნება მიღებული.

”ჩვენ პროექტის დაწყებამდე დავთვალეთ მოძრაობა თუ რამდენი მანქანა მოძრაობის პეკინის ქუჩაზე. როდესაც შევხედეთ, რომ ახლა არსებულმა მოძრაობის ნაკადებმა კარგად იმუშავა, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა გამოკითხვა და მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა თანხმობა განაცხადა, რომ პეკინზე იყოს ცალმხრივი მოძრაობა. თანდათან უკვე შეივსო ქალაქი და მოძრაობა ჯერჯერობით არ შეფერხებულა. თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით 6 დღეში მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და დავტოვებთ პეკინის ქუჩას ცალმხრივს”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი