საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აბასთუმანი სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი იქნება.
როგორც მან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა, ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გააგრძელებს.
„აბასთუმანი სულ მალე იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი. ეს იქნება საერთაშორისო დონის, საერთაშორისო მასშტაბის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის ადიგენს, საქართველოს და მთლიანად ხეობას. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ როცა ამაზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომელიც ერთად უნდა გადავლახოთ. 2012 წლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, 4 წლიანი განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი“,-განაცხადა გახარიამ.
პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ფუჭ დაპირებებს არ გასცემს.
„თითოეული ჩვენი მიზანი არის გაზომვადი და არა ფუჭი დაპირება. იმ მხარდაჭერით, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გვაქვს, წყნარად, აბსოლუტურად მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას, არ უნდ მივცეთ არავის შესაძლებლობა, ჩვენი ღირსეული და სამართლიანი გამარჯვება რაიმე რისკის ან კითხვნის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ამიტომ, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა გახარიამ.