“ევროპული საქართველოს” წევრის, მაჟორიტარობის კანდიდატის ვაკის ოლქში, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარლამენტში ქალთა უფლებები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან „ქალი კანდიდატების შეხვედრა მრავალპარტიულ ფორმატში: წინასაარჩევნო პროგრამები და გარემოს” დაწყებამდე განაცხადა, სადაც წინასაარჩევნო პროგრამებს და გარემოს განიხილავენ.
შეხვედრის მიზანი ქალ კანდიდატებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებაა.
“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან ცდილობს საარჩევნო პერიოდში არ დარჩეს შინაარსობრივი განხილვისთვის სივრცე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლამდე მივიტანოთ ჩვენი პრიორიტეტები. რეალურად, ხალხს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა გავუშვათ. ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მოდიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურ პროცესს სთავაზობენ მათ. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ქალთა უფლებები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ამ პარლამენტში. გარდა ამისა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და თვითმმართველობის გაძლიერება იქნება ის თემები, რასაც გავაცნობთ დღეს საზოგადოებას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.