აჭარის მთავრობა: აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა

476

აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება.

მათი განმარტებით, პროექტი აჭარაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის მიღებას უზრუნველყოფს.

მიმდინარე სამუშაოები ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტი დასკვნით ეტაპზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარაში არსებული ყველა უკანონო, გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელი დაიხურება. „ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ტურისტული პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გვექნება ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ეკოლოგია ბათუმელებისთვის, აჭარის რეგიონის მცხოვრებლებისთვის,“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ფარგლებში ადგილზე თბოელექტროსადგური განთავსდება.

„პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.