“ლეიბორისტული პარტია” “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს

435

შემდეგი სტატია

“ლეიბორისტული პარტია” “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალქი ავრცელებს.

როგორც პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სამსონ გუგავა ამბობს, ცესკო-ს მონაცემებით, 400 ამომრჩეველი ქუთაისში არარეალურ მისამართზეა რეგისტრირებული, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ხელისუფლება ამ გზით არჩევნების გაყალბებას ცდილობს.

“იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად არჩევნების გაყალბების გზების ძიება დაიწყო. გადამოწმების შედეგად აღმოვაჩინეთ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მისამართები, რომლებიც რეალურად არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ კონრეტულ ლოკაციაზე სასტუმრო, რესტორანი , პროფილაქტიკა და სხვა დაწესებულებებია განთავსებული. ამ მისამართებზე კონკრეტულ ამომრჩევლებს დაამაგრებენ და ისინი არჩევნებზე ყალბი პირადობებით მივლენ. მივმართავთ ,,ქართულ ოცნებას”, არ შეეცადონ რაიმე გზით არჩევნების გაყალბებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ პროტესტს საზოგადოების მხრიდან, სხვა გამოსავალს არ ტოვებენ გარდა წინააღმდეგობისა” – ამბობს სამსონ გუგავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლეიბორისტულმა პარტიამ N59-ე საარჩევნო კომისიას განცხადებით  მიმართა.

ცესკოს სიაში არსებული ხარვეზების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა 20\20”-მაც.

საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.