დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მან იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღება.
„შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები ან იქნება თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, მიღებული იქნება ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსული ინფექციის მართვის პოლიტიკა შეიცვალა გაზაფხულის შემდეგ.
„გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად, ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს, დღეს ჩვენ გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორ დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც შეიძლება, ერთ წელიწადში. ამიტომ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად; ამიტომ, ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები მათ შორის თბილისში არ იგეგმება. მაგრამ იქ, სადაც იქნება საჭიროება ე.წ. წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვების, როგორიც არის, სკოლაში ერთი ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაში, კლასი შეწყვეტს სწავლას და ბავშვები გადავლენ თვითიზოლაციაში. თუ სკოლაში გამოვლინდა ბევრი შემთხვევა, შეიძლება, დაისვას საკითხი იმ სკოლაში შეწყვეტის, მაგრამ არა მთლიანად სწავლის. ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში. ჩვენ უნდა ვმართოთ პროცესი ერთად – სახელმწიფომ, ჩვენ, ექიმებმა, დამსაქმებლებმა და თქვენ, საზოგადოებამ. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ პროცესი ვმართოთ, ეკონომიკა განვითარდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ
შეზღუდვებზე საუბრისას გამყრელიძის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბიზნესის მიერ წესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„აქ იკვეთება ბიზნესის დიდი მნიშვნელობა. რა შეზღუდვა სჭირდება, თუ ვირუსი გაუჩნდა, დაიკეტება, ხომ? აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მვოუწოდებ ხელმძღვანელებს, ბიზნესმენებს, თავიანთ სამუშაო ადგილებზე მაქიმალურად უზრუნველყონ ყველანაირი პროფილაქტიკური ღონისძიება, რომ მათ ბიზნესს გაჩერების საფრთხე არ შეექმნას. უმარტივესია: ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.