გორის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა ამომრჩეველთა ვებ-გვერდის WWW.PARTIEBI.GE-ს პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე 5 – მა პარტიამ მათ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
www.partiebi.ge EECMD-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.
პრეზენტაციაზე მყოფ საზოგადოებას, მოწვეულმა ექსპერტმა ნათია ნადირაძემ დეტალურად განუმარტა აღნიშნული ვებ-გვერდის სტრუქტურა, პროგრამის წარმდგენი პარტიები და საიტის გამოყენების მნიშვნელობა.
“პრეზენტაციაზე დეტალურად მიმოვიხილეთ პარტიების ხედვები ოთხ საკითხის მიმართებაში, როგორიცაა, ტერიტორიული მთლიანობა, მცოცავი ოკუპაცია, დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა. საიტი შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნო პროგრამების შექმნას, ასევე საზოგადოების ინფორმირებას მათ შესახებ”, – განმარტა ნათია ნადირაძემ.
ღონისძიებაზე ასევე მოხდა ქვემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიების მიერ შედგენილი ანტიკრიზისული გეგმების წარდგენა: თავისუფალი დემოკრატები (წარმდგენი ლიზა ყაზიშვილი), ლელო საქართველოსთვის (წარმდგენი გიორგი მელაძე), სამართლიანობისთვის (წარმდგენი სევა ჯუღელი), ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები (წარმდგენი ბაჩანა ხუციშვილი) და რესპუბლიკური პარტია (ლექსო ვალიაური).
პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული. აღნიშნული ანტიკრიზისული გეგმების წარდგენა ხორციელდება დანიის ინსტიტუტის პოლიტიკური პარტიებისა დემოკრატიისთვის (DIPD) მხარდაჭერით პროექტის „დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური და საარჩევნო შესაძლებლობების გაზიარება“ფარგლებში.
პროექტის მიზანია საქართველოს მრავალპარტიული სისტემის გაძლიერება და პროდემოკრატიული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. პროექტი მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავენ და ატარებენ დემოკრატიულ პრინციპებს.
პროექტის ფარგლებში EECMD თანამშრომლობს ხუთ პოლიტიკურ პარტიასთან და ეხმარება მათ განავითარონ პოლიტიკური შესაძლებლობები, დიალოგის პლატფორმების საშუალებით დაამყარონ უშუალო და ეფექტიანი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და ჩამოაყალიბონ თანამშრომლობა დანიის პოლიტიკურ პარტიებთან.