ტარიელ ნაკაიძე: საჭიროა, გატარდეს კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ეკომიგრანტები არ იყვნენ ყურადღების მიღმა

630

„ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან სამცხეში, ზურაბ ჩილინგარაშვილთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: დერცელის, გორთუბნის, ნამნიაურის, მოხეს, ჭელას, ჭეჭლას, ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების, რუსთავის და ივერიას მოსახლეობას შეხვდა.

„ევროპული საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო ეკომიგრანტების ყოფითი პრობლემები. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამჟამინდელი მიდგომების შეცვლას ითხოვს.

„სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია რადიკალური ცვლილებების გატარება ეკომიგრანტებთან დაკავშირებით.

დღესდღეობით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მრავალი ოჯახი ცხოვრობს მეწყერსაშიშ ზონაში და ისინი დგანან რეალური ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე. ასეთ საშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფო არ ანიჭებს არანაირ სამართლებრივ სტატუსს და ვალის მოხდისთვის სთავაზობს მხოლოდ 25 000 ლარს, რის შემდეგაც თავიდან იცილებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

მოდით ჩავხედოთ რეალობას თვალებში, განა საკმარისია ოჯახისთვის 25 000 ლარი, რომ აიყაროს თავის სახლიდან და ახალ ადგილას დაიწყოს ცხოვრება?! განა შესაძლებელია ამ თანხით ნორმალური საცხოვრებელის შეძენა?-რა თქმა უნდა, არა!

აღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის საჭიროა სახელმწიფომ ეკომიგრანტებს მიანიჭოს სამართლებრივი სტატუსი, რითაც აიღებს მოსახლეობის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულებას. საჭიროა გატარდეს კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ეკომიგრანტები არ იყვნენ ყურადღების მიღმა და თავიდან ავიცილოთ მსგავსი უბედურებები რაც ხელვაჩაურში ახლახანს დატრიალდა“, -აცხადებს ნაკაიძე.