სუბარი: სამგორის რაიონში ავარიული ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უკვე დაიწყო

387

სამგორის რაიონში უკვე დაიწყო ავარიული ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროცესი, ვარკეთილის მესამე მასივში 3 ჰექტარზე უკვე მიმდინარეობს 7 540 კვმ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ეს პროცესი სამგორის რაიონის ყველა უბანს შეეხება, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა ოცდამეთერთმეტე ქარხანასთან არსებულ სკვერში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

სოზარ სუბარი ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათგან არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, რაიონში მოძველებული ლიფტების, შიდა გზების და გარე განათების პრობლემებია.

სოზარ სუბარის თქმით, მოძველებული ლიფტების საკითხი უკვე მუშავდება თბილისის მთავრობასთან ერთად და მალე დაიწყება ამორტიზირებული ლიფტების ახლით ჩანაცვლება. მისივე განცხადებით, პირველადი გათვლებით თბილისის მასშტაბით ამორტიზირებული ლიფტების ჩანაცვლებისთვის 220 000 დოლარია საჭირო.