„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ტყიბულში ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. გიგი წერეთლის თქმით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ამ ქალაქში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. წერეთელმა აღნიშნა, რომ იმ უიმედობასა და უპერსპექტივობას, რომელიც მოსახლეობაში არის, აუცილებლად შეცვლის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც როგორც ტყიბულს, ისე მთლიან საქართველოს მოუტანს რადიკალურ, გარდამტეხ ცვლილებებს.
„ტყიბულში ვესაუბრები ადამიანებს, მივდივარ უბნებში, ვეცნობი ამ არაჩვეულებრივ ქალაქს, ვსტუმრობ სოფლებსაც, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ძალიან ნაკლები ყურადღება და უამრავი პრობლემა, დაწყებული წყლის პრობლემით, დასრულებული უმუშევრობით, ფასებით, დაბალი პენსიებითა და ზოგადად, უპერსპექტივობით. ქალაქი იცლება, სოფლები იცლება. რა უნდა მოხდეს და რა უნდა ეშველოს ამას? ამისათვის საჭიროა, მართლაც, ძალიან სერიოზული, რადიკალური, გარდამტეხი ცვლილებები და ახალი კოალიციური მთავრობა, რომელიც უკეთ და კარგად დაგეგმავს, თუ როგორ განვითარდეს ეს ქალაქი და როგორ მოხდეს ისე, რომ ეს იყოს საინტერესო, ცხოვრება მიდიოდეს, იმის ნაცვლად , რომ ადამიანები გადიოდნენ ქალაქიდან, პირიქით დაბრუნდნენ და ააშენონ ეს ულამაზესი ქალაქი“, – აცხადებს წერეთელი.