ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას პენსია ყოველწლიურად გაეზრდება.
„სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან პენსიის ზრდა გათვალისწინებული იქნება მინიმუმ 20 ლარით და 25 ლარით – 70 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობისათვის. ეს არის მაჩვენებლის მინიმუმი და თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მაღალია ან ინფლაციის ზრდამ გადააჭარბა, ასეთ შემთხვევაში მეტიც იქნება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 275 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
რაც შეეხება “სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია ყოველწლიურად, შემდეგი ფორმულის მიხედვით გაეზრდება, კერძოდ: –
ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (220 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 15 ლარს (13.9 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია. შესაბამისად 2021 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება.
ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (250 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 20 ლარს (19.2 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია. შესაბამისად 2021 წელს პენსია 25 ლარით გაიზრდება.